Saturday, March 2, 2024

გვახსოვდეს და გავიაზროთ წარსული


,,შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა... უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი... რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება'' - ილია


საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ყოფნამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა უამრავი ზიანი, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით. ქვეყანა თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული განვითარების ბუნებრივ ტენდენციას 70 წლით ჩამორჩა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში კი უხდებოდა ტოტალიტარული რეჟიმის დანატოვარ მანკიერ მემკვიდრეობასთან გამკლავება. 

ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ამასთანავე ჩვენი ქვეყნის ნაწილი, სამწუხაროდ, კვლავ ოკუპირებულია.

 მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა სათანადოდ გამოიკვლიონ საბჭოთა წარსული, გააცნობიერონ მისი დამანგრეველი შედეგები ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამის გარეშე რთულია გაცნობიერება იმისა, რომ თავისუფლება მოსაფრთხილებელი მონაპოვარია.

 წარსულის ცოდნა, გააზრება და კრიტიკული შეფასება არსებითად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ღირებულებები.

ამდენად, ჩვენი ბლოგი ეხმაურება საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეულად დასამახსოვრებელ თარიღებს. 

#25 თებერვალი






Saturday, April 1, 2023

ბლოგის კონცეფცია

სასკოლო განათლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეს ქყვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებაში. სწორედ ესაა ზოგადი განათლების ერთ-ერთი უპირველესი მიზანი. მიზანი მიღწეულად მიიჩნევა, როცა მოსწავლეს გამოუმუშავდება უნარი სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები.  თბილისის 214-ე საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად განახორციელეს პროექტი სახელწოდებით ,,ჩემი ქვეყნის არჩევანი'', რომელიც სწორედ ამ დიდი მიზნის განხორციელებაში შეტანილი წვლილი იქნება. 

პროექტი წარმოადგენს კლასგარეშე აქტივობას და დაიგეგმა ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთი თემატური ერთეულის (,,ისტორიის გზაგასაყარზე'') დამუშავებისას. 

შევეცადეთ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის შინაარსი დაგვეკავრშირებინა საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ ,,ბლოგების კონკურსის'' თემატიკასთან. ჩვენ ავირჩიეთ საკონკურსო თემა -  ომი და მშვიდობა. ბლოგი შექმნილია სპეციალურად ბლოგების კონკურსისათვის! 

ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ბლოგი, ემსახურება ზოგადი განათლების შემდეგი მიზნის განხორციელებასაც:  ,,მოზარდს უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა; ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება’’ .

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბლოგი, ერთი მხრივ, სასწავლო პროექტის განხორციელების ინსტრუმენტია, ხოლო, მეორე მხრივ, საფუძველი კონკურსში ჩვენი სკოლის მონაწილებისათვის.

ირმა გრიგალაშვილი,

 სსიპ თბილისის 214-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

გვახსოვდეს და გავიაზროთ წარსული

,, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა... უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და ...