ზაირა არსენიშვილი (1933–2015) — გამორჩეული ქართველი მწერალი, სცენარისტი და
მუსიკოსი. დაიბადა თელავში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფილოლოგიის ფაკულტეტი. 70-იანი წლებიდან კინოსცენარისტად
იმუშავა ლანა ღოღობერიძესთან ერთად შექმნა ცნობილი ფილმების სცენარები, როგორიცაა
„როცა აყვავდა ნუში“ და „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“.
მწერალი ფართო
საზოგადოებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 2019 წელს „სულაკაურის
გამომცემლობამ“ მისი რომანი „ვა, სოფელო...“ დაბეჭდა. რომანის საინტერესო სიუჟეტი,
სადად და გულწრფელად მოთხობილი მტკივნეული წარსულის ქრონიკა, იმდენად მიმზიდველი
აღმოჩნდა ქართველი მკითხველისთვის, რომ მალევე დაიბეჭდა მისი სხვა ნაწარმოებებიც.
ამჯერად გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებები ზაირა არსენიშვილის მოთხობათა
კრებულის, ,,კენჭების'', შესახებ.
ესაა წიგნი, რომელიც თითქოს 30-იანი წლების
უბრალო ამბებს გიყვება, მაგრამ სწორედ ამ უბრალოებით ღრმად ჩაგვაფიქრებს:
სიყვარულსა და მეგობრობაზე, ერთგულებასა და სიმამაცეზე, ღირსებასა და
სამართლიანობაზე, რაც მთავარია, თავისუფლებაზე.
წიგნი, რომელიც ვერ დაგტოვებს
გულგრილს.
იოჰანა შტევლიკოვა - ,,შიში მანახე და გაქცევას გაჩვენებო''
მოთხრობის მთავაერი პერსონაჟია თამრიკო ჭანიშვილი — ფიზიკოსი, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი მეუღლე, ბიძინა ფოჩხუა, იყო ძალიან ნიჭიერი
ენათმეცნიერი, თუმცა ერთ დღეს ის დააპატიმრეს მეცნიერებისა და ხელოვნების სხვა
წარმომადგენლებთან ერთად. თამრიკოს ცხოვრებაში ამის შემდეგ გაჩნდა მუდმივი შიში —
შიში იმის, რომ ისიც დააკავებდნენ. ძალიან შემძრა მოთხრობის ერთმა კონკრეტულმა ეპიზოდმა, სადაც აღწერილია,
„სტალინის
დროს ხშირად ხდებოდა ასეთი რამ: ქუჩაში ვიღაც ვითომ ნაცნობი, ზრდილობიანი
მოგესალმებოდა, გამოგეცნაურებოდათ, დაინახავდა, ტრანსპორტს უცდით,
გეტყოდათ –
მოდით, მე მანქანა აქვე მელოდება და უცებ წაგიყვანთო… და გაგაქანებდათ პირდაპირ
შისახკომისკენ, როგორც დაპატიმრების კანდიდატს''
სწორედ ამიტომ თამრიკოც ოჯახის
ახლობელსაც არ უჯდება მანქანაში, გულგახეთქილი გარბის შინ, ალაგებს ბარგს და უცდის,
როდის მიადგებიან დასაჭერად. ქვეყანა ვერ იქნება ბედნიერი, როცა სახელმწიფო
ერთამნეთს უპირისპირებს ხალხს, თესავს ეჭვსა და უნდობლობას.
თათია გათენაშვილი - ,,უპლოტნენიე''
ეს მოთხრობა ჩემი არჩევანი გახდა, რადგან, ვფიქრობ, იგი ნათლად ასახავს
დაპყრობილი ქვეყნის მძიმე ხვედრს.
,,უპლოტნენიე ნიშნავდა თქვენს კუთვნილ ბინასა თუ სახლში უცხო ადამიანების
შემოსახლებას თქვენი ნებართვისა და სურვილის გარეშე… ან მთლიანად გამოსახლებას და
სადმე სოროში შესახლებას, ავეჯისა და ნივთების კონფისკაციით… მოვიდოდნენ
სახლმმართველობიდან, გაივლ-გამოივლიდნენ თქვენს ოთახებში და შემოგისახლებდნენ,
ვისაც საჭიროდ ჩათვლიდნენ’’ - ვკითხულობთ ნაწარმოებში.
მოთხრობაში წარმოჩენილია
ბაკურაძეების ოჯახი — ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, ვინც ამ სისტემის მსხვერპლი გახდა.
მათ ბინაში ხელისუფლებამ სხვა ოჯახი შეასახლა ისე, რომ ოჯახი უკარო ოთახში დატოვა.
ძალიან შემებრალა ორი შვილის მარტოხელა დედა, რომელიც უშედეგოდ მიმართავდა
მთავრობას დახმარების სათხოვნელად. წარმომოდგენაც მიჭირს, როგორი აუტანელი იქნებოდა
ცხოვრება პირადი სივრცის, კუთხის გარეშე. ეს ხომ ფიქრისა და განვითარების
საშუალებას კლავს.
ამავე მოთხრობაში ვხვდებით მოსკოვურ ,,კომუნალკაში'' მცხოვრებ
რუს ქალბატონსაც, რომლის სიტყვებიც დაუფარავად ამხელს საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს:
,,რევოლუციამ და სოციალიზმმა დააქცია ჩვენი სოფელიო, გაგვანადგურა და ლამის
კაციჭამიებად გვაქციაო, რა მინდოდა ამ მოსკოვში კუბოსავით ოთახშიო, მე ჩემს
კარ-მიდამოში მერჩივნა ჭარხალი და გოგრა მომეყვანაო''.
დღეს, საბედნიეროდ, აღარ
გვემუქრება სახლიდან გამოყრა ან ჩაშვების შიში, მაგრამ ეს მოთხრობა გვახსენებს,
როგორი ფასი აქვს თავისუფლებას, ნდობასა და ადამიანურობას.
ნანუკა ალთუნაშვილი ,,ერთხელ ასეც მოხდა''
რას უნდა ემსახურებოდეს სკოლა? თავისუფალი პიროვნების თუ
მაბეზღარის აღზრდას?
ამ კითხვაზე პასუხი დღეს ადვილია, მაგრამ ასე არ იყო ჩვენს
არცისე შორეულ წარსულში. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ქეთო მასწავლებელია, გულკეთილი
და გულისხმიერი ერთ დღესაც მან ნახა, რომ
,,დაფის თავზე ბერიას სურათი უკუღმა
ეკიდა. არადა უკვე ყველამ იცოდა, რომ ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს 14 წლის ბიჭუნა,
რომელმაც თვით დიდი ბელადის სურათი უკუღმა შეატრიალა.’’
მასწავლებელმა გადაწყვიტა
არ დაესმინა საკუთარი მოსწავლეები. სთხოვა მათ სურათი გაესწორებინათ და ამ ამბავზე
აღარ ესაუბრათ,
მაგრამ ეს ყველაფერი ცუდად შემოუბრუნდა: ბრალი დასდეს
ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, საბჭოთა პედაგოგს ეს არ ეკადრებაო.
დაუსრულებელმა
დაკითხვებმა ვერ გატეხა ქეთო მასწავლებელი და ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა მისმა
ფრაზამ:
,,მეც რომ (ქეთევან დედოფალივით) კოცონი შემომიგზნოთ და ხორცები მაგლიჯოთ
დამბეზღებელი არ გავხდებიო''.
ჩემთვის სამაგალითო გახდა ეს სიმამაცე და
პრინციპულობა. მოთხობას სევდიანი დასასრული აქვს. ქეთო იხსნა მისმა მოსწავლემ,
მაგრამ ვერც კი გაბედა მასწავლებელს ღიად გამოსარჩლებოდა, მხოლოდ ,,უემოციოდ და
გაურკვეველი კილოპთი ჩაილაპარაკა, ბედი გქონიათ, რომ ჩემთან მოხვდითო'' სწორედ აქ
ჩანს, როგორ აშინებდა და ატერორებდა საბჭოთა რეჟიმი ადამიანებს, კლავდა
პატივისცემას, სოლიდარობას.
ანა ზუბიაშვილი - ,,ჩესეირი''
ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა — რა არის ჩესეირი?
ჩესეირი რუსული შესიტყვების (Член семьи изменника Родины) შემოკლებული აღნიშვნაა - ასე ეძახდნენ იმ ქალებს, რომლებსაც ქმრები ან ოჯახის წევრები „ხალხის მტრად“ ჰყავდათ გამოცხადებული. მათ აკავებდნენ, ასახლებდნენ, ადანაშაულებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ,,არასწორ ადამიანებს'' ენათესავებოდნენ.
მოთხრობის მთავარი გმირის, დოდოს დედა ჩესეისია, ის იმალება.
ამ მოთხობაში კარგად ჩანს, რომ საბჭოთა ხელისუფლება არ ინდობდა არავის, ბავშვებსაც კი. აი რა შეემთხვა დოდოს.
გოგონას სკოლის ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ მის გადასახლებაში მყოფ მამას დედისთვის წერილი გამოუგზავნია და აუცილებელი იყო, ეს წერილი დედას პირადად გადასცემოდა. გახარებულმა გოგომ თავად მიიყვანა დედასთან პარტიის წარმომადგენლები.
„დედა იქვე დააპატიმრეს, ნანამ ღრიალი მორთო… მე ენაჩავარდნილივით ვიდექი. მერე კი დიდხანს ვიყავი ავად. ცხოვრება გავიდა, რამდენი რამ გადაგვხდა, მაგრამ ისეთი სასოწარკვეთა, შეიძლება ითქვას, განწირულება, მე არ განმიცდია“ – იხსენებს მრავალი წლის შემდეგ დოდო.
ამ მოთხრობამ ჩემი დამოკიდებულება შეცვალა იმ ისტორიული პერიოდისადმი. მანამდე ვერ ვიფიქრებდი, რომ ადამიანები ასეთ მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ და რომ ყოველი დღე შეიძლებოდა საშინელი ყოფილიყო და რომ სკოლაც კი არ დაინდობდა საკუთარ მოსწავლეს.
ნინო წიკლაური - შეხვედრა ძია სტალინთან
მოთხრობა გვიჩვენებს, ბევრ საინტერესო მომენტს:
პირველ რიგში იმას, თუ როგორ უჭირდათ ადამიანებს ომის დროს. როცა პაპა მინას მისი დიდებული მეგობარი სტალინი დაიბარებს შეხვედრაზე, მან არ იცის, რა ჩაიცვას, რადგან მისი ქურქი უკვე რამდენჯერმეა ,,გადაბრუნებული''.
შეხვედრიდან დაბრუნებული კი უცხო ქვეყანაში ან მეგობრის ნახვით მიღებულ შთაბეჭდილებებს კი არ გვიყვება, არამედ მხოლოდ კერძებს იხსენებს ნოსტალგიით: კატლეტი, კატლეტი და ისევ კატლეტი. ბავშვებიც ანალოგიურად მხოლოდ ამ თემით ინტერესდებიან, რადგან ისინი მხოლოდ მტვრიან პურს შეექცევიან სიღარიბის გამო.
მეორე მხრივ, მოთხობაში საყურადღებოა ისიც, რომ სტალინთან სტუმრობის შემდეგ პაპა მინა სოფელში დიდი კაცი გახდა, მის საპატივცემულოდ სკოლამ ზეიმიც კი გამართა. ჩანს, მაშნდელი სკოლა ამკვიდრებდა ბელადის კულტს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი, სიყვარულს სულაც არ იმსახურებდა.
მოთხობაში ასევე ჩანს გულცივი დამოკიდებულებაც. მაგალითად, სტალინს არც კი უკითხავს, როგორ ცხოვრობდა მისი სიყრმის მეგობარი, როგორ იყო მისი ოჯახი. მთავარია, რომ მასთან შეხვედრისას საგანგებოდ მოსუქებული, ნაკვები და ,,გარემონტებული'' ჩამოიყვანეს. ამ დროს კი სევდის მომგვრელია, რომ პაპა მინა დახეული ქურქის გადაგდებას ნაღვლობს, ტყეში მაინც გამომადგებოდაო.
ვაჟა ცომაია ,,სტალინის სიკვდილის დროს"
მე ავირჩიე მოთხრობა „სტალინის სიკვდილის დროს“, რადგან სწორედ აქ ჩანს ნათლად, რომ თავისუფალი აზრის გამოთქმა და გულწრფელი
ემოციის გამოხატვაც კი საშიში იყო.
რასაც გეტყოდნენ, უნდა გაგეკეთებინა. ასე ხალხს ფიქრის უფლებაც არ ჰქონდა და თითქოს ყველას სტალინი უნდა ჰყვარებოდა.
მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ექიმია — ავტორის დედა, რომელიც თავად გვიამბობს იმ მოვლენებზე. ქალი, რომელიც დღე და ღამეს ასწორებს სხვების სიცოცხლის გადასარჩენად, გახარებულია, რომ სტალინი მოკვდა. მას სიხარულისგან ისტერიული სიცილი აუვარდება, მაგრამ სხვებს ჰგონიათ, რომ მწარედ ტირის.
რადგან ბელადის სიკვდილს ამ დროს თითქმის ყველა გლოვობდა. მათ უკვე უყვარდათ თავიანთი მწვალებელი.
მართალია ბევრი ოჯახი ფარულად ბედნიერია, მაგრამ ამას ვერ გამოხატავენ — რადგან თუ გაიგებდნენ, შეიძლება სიკვდილითაც დაესაჯათ.
No comments:
Post a Comment