,,მშვიდობა არ ნიშნავს მხოლოდ სისასტიკისა და ომის არარსებობას,
გულისხმობს ყველა იმ ფაქტორის აღმოფხვრასაც (დისკრიმინაცია, უთანასწორობა, ძალმომრეობა),
რომელიც ემუქრება მშვიდობას''
Aung San Suu Ky!
კაცობრიობისათვის მარად აქტუალური საკითხია ომიცა და მშვიდობაც. ომები ხშირად იწყებოდა ძალაუფლებისთვის, სიმდიდრისთვის, ტერიტორიებისთვის... მაგრამ საბოლოოდ ყველა მშვიდობას ნატრობდა.
ომი საშინელებაა, რადგან ამ დროს დავის გადაწყვეტა ყოველთვის სისხლისღვრითა და ძალადობით ხდება. შეუძლებელია ომს ჰქონდეს გამართლება, რადგან მასში ყოველთვის იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
მშვიდობა ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულებაა დღესაც!
დღეს განსაკუთრებულად იცის ადამიანმა მშვიდობის ფასი, რადგან გასულ საუკუნეში მსოფლიომ ორი მასშტაბური ომი გამოიარა. ჯონ კენედის უთქვამს: ,,ან კაცობრიობა მოუღებს ბოლოს ომს, ან ომი კაცობრიობას!''. ომის ტრაგიზმი ყველას კარგად უნდა ესმოდეს და მაქსიმალურად ცდილობდეს, აირიდოს იგი თავიდან და კონფლიქტების შეუიარაღებლად გადაჭრა ისწავლოს!
მშვიდობიანობის დროს არ ხარ დაძაბული და არ გეშინია, რომ ახლა ვინმე მოვა და რამეს წაგართმევს. მშვიდობა არ გვაყენებს ტკივილს და გვაძლევს ფიქრისა და განვითარების საშუალებას.
თუმცა აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობა არაა მხოლოდ ომის არარსებობა. თუკი ქვეყანაში უბრალოდ ომი არ არის, მაგრამ ხალხს ღირსება აქვს დაკარგული, ერთმანეთს ექიშპება, ეს ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტ მშვიდობად... ისეთ მშვიდობად, ადამიანს განვითარების, ზრდისა და გაკეთილშობილების საშუალებას რომ აძლევს.
ჩვენ მშვიდობა ასე გვესმის: ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში ლაღად და სტაბილურად, კი არ ვებრძოლოთ ერთმანეთს, არამედ პატივს ვცემდეთ, გვიყვარდეს და ვეხმარებოდეთ, თავი ვიგრძნოთ დაცულად, გვქონდეს სიტყვის თავისუფლება და ვიყოთ თანასწორები!
მშვიდობა რომ ასეთი ძვირფასი იყო ქართველი კაცისთვის, ეს ჩვენს ენაშიც აირეკლა. კეთილი სურვილების გამოსახატად ერთმანეთს მივმართავთ: დილა მშვიდობისა! მშვიდობიანი დღე! მიუხედავად ამისა ქართველებმა იცოდნენ ისიც, რომ მშვიდობაც არაფრის მაქნისია, თუკი არ ხარ თავისუფალი! შოთა რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები''. მშვიდობა მაშინ არის საფიცარი და სასურველი, როცა ,,თავი ჩვენი ჩვენ გვახლავს'' და გვეკუთვნის. მათ ეს არაერთხელ დაამტკიცეს, განსაკუთრებით კი გასულ საუკუნეში, როდესაც დაიბრუნეს მრავალი წლის განმავლობაშ ნანატრი დამოუკიდებლობა!
ჩვენ გვსურს ამ ბლოგის საშუალებით გაგიზიაროთ, რა ვისწავლეთ ჩვენი ქვეყნის არცთუ შორეული წარსულის შესახებ. გითხრათ, როგორი რთული გზის გავლა მოუხდათ ჩვენს წინაპრებს იმისათვის, რომ ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში დავბადებულიყავით და ღირსეულად, უშიშრად გვეცხოვრა! ასევე,
გვცოდნოდა, რომ ,,უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო თერგში კალმახი იცის!'' (ილია ჭავჭავაძე).
თბილისის 214-ე საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეები
2023 წ.
No comments:
Post a Comment